კავკასუს ონლაინის ქსელი ევროპის ნაწილია

ამიერიდან „კავკასუს ონლაინი“ საკუთარი მომხმარებლებისათვის ევროპული ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს. ინოვაციური პროექტი, რომლის განხორციელებაც „კავკასუს ონლაინმა“ და წამყვენმა ამერიკულმა კომპანიამ კომუნიკაციური ტექნოლოგოების დანერგვის სფეროში Tyco Telecommunication-მა გასულ წელს წამოიწყეს, დღეს უკვე რეალობაა.

„კავკასუს ონლაინმა“ ათობით მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რათა შავი ზღვის ფსკერზე, ფოთსა და ვარნას შორის, წყალქვეშა ოპტიკური სისტემა დამონტაჟებულიყო. მაგისტრალი, რომელიც კომპანიამ უკვე აამოქმედა, საშუალებას იძლევა არა მხოლოდ საქართველოს ყველა კუთხე, ქალაქი და რაიონი მოიცვას, არამედ ევროპული ინტერნეტი მთელს კავკასიასა და კასპიის ქვეყნებს მიაწოდოს.

პირველად საქართველოს ისტორიაში ნამდვილი ინტერნეტი ევროპის შუა გულიდან

„კავკასუს ონლაინის“ მრავალწლიანი მოღვაწეობის მიუხედავად, სრულფასოვანი ინტერნეტით მომხმარებლის უზრუნველყოფა ბევრ სიძნელესთან ასოცირდებოდა. ყველა ის პრობლემა თუ ხელოვნურად შექმნილი ბარიერი რაც ინტერნეტ-მომხმარებლის წინაშე აქამდე არსებობდა, წარსულს ჩაბარდება.

„კავკასუს ონლაინის“ მიერ განხორციელებული უპრეცედენტო პროექტის წყალობით, ქართველი მომხმარებელი ინტერნეტს ევროპის შუა გულიდან მიიღებს. წყალქვეშა მაგისტრალი, რომელიც უკვე ამოქმედდა, ხელს შეუწყობს განამტკიცოს ახალი ინტერნეტ-სისტემა და გააუმჯობესოს კავშირი საქართველოსა და ევროპას შორის.